“ვიმედოვნებ, საქართველო გააცნობიერებს, რომ რუსეთი საუკეთესო მეზობელია” – რამზან კადიროვი

0
11

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის თქმით, საქართველოსთვის საუკეთესო მეზობელი რუსეთია. იგი აუცილებლობად მიიჩნევს საავტომობილო გზის მშენებლობას საქართველოსა და რუსეთს შორის ჩეჩნეთის გავლით. ინფორმაციას ავრცელებს RIA NOVOSTI.

„ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობას აქვს პოლიტიკური ხასიათი. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის და კავკასიისთვის. ჩეჩნური სოფლიდან, იტუმ-კალიდან საქართველოში მისასვლელად 40-50 წუთია საჭირო, საიდანაც შეგიძლია გახვიდე თურქეთსა და ევროპაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ეს გზა უნდა გავხსნათ და ურთიერთობები დავალაგოთ მეზობლებთან, კერძოდ კი საქართველოსთან“.

კადიროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან ისტორია იმის თაობაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები ერთად. რამზანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გზის მშენებლობის საკითხს აყენებს, რათა ცენტრალურ ხელისუფლებაში აღნიშნული საკითხი მიიტანოს განსახილველად.

90-იანი წლების ბოლოს იჩქერიის ხელისუფლებამ დაიწყო საავტომობილო გზის მშენებლობა იტუმ-კალიდან შატილამდე. იგი თითქმის დასრულებული იყო, თუმცა კონტრტერორისტული ოპერაციის განმავლობაში გზა მძიმედ დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ და პროექტი გაუქმდა. საავტომობილო გზის სიგრძე 30 კილომეტრს შეადგენდა.