ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის უკანონო დაკავებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ილია გამგებლი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ გამგებლის ადვოკატმა გია დარჩიამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც გია დარჩია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიებისთვის თავის არიდება არ უცდია და ის საგამოძიებო უწყებაში ცხადდებოდა. შესაბამისად, ადვოკატი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ილია გამგებლის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ილია გამგებელთან ერთად დაკავებული დავით ქოქიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება.
ილია გამგებელი ნასამართლევია 2018 წელს, ცემის ფაქტზე, მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა. ილია გამგებელი 12 ნოემბერს დააკავეს.
დავით ქოქიაშვილი მსჯავრდებულია გირგვლიანის საქმეზე და სასჯელი მოხდილი აქვს.