„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა „ქალები მომავლისათვის“ წარმომადგენლებთან ერთად 500 ძირი ნერგი დარგეს

0
9

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა, ორგანიზაცია „ქალები მომავლისათვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ, ქვედა საქარის თემში, 25 ათასი ძირის დარგვის აქციის ფარგლებში 500 ძირი ნერგი დარგეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, კომპანია გამწვანების პროექტს ეტაპობრივად ახორციელებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში და ოქტომბერში თანაორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად ალვის, კვიპაროსის, მწვანე იფანის და აკაციის ხეები დარგეს.

მათივე ცნობით, კომპანიის მიერ პარალელურად, ქარსაცავი ზოლის შემოღობვის სამუშაოები ჩატარდა.

„აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ქარსაცავი ზოლი 4,5 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, ისე მიმდებარე სოფლებისთვის. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებაა“, – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.