ცქიტიშვილი: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მას უსასრულოდ ვერ დაველოდებით

0
2

სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხმაურიანი თანამშრომლობის ამბავი შესაძლოა წლის ბოლომდე საბოლოოდ დასრულდეს. ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხზე საუბრისას ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ იმ ინვესტორთან, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს, თანამშრომლობა უსასრულო ვერ იქნება.

მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 31 დეკემბერს ეწურება. მაია ცქიტიშვილის ერთგვარ გაფრთხილებას დღეს კონსორციუმიდან პასუხი არ მოჰყოლია. დუმილს კომპანიაში ინვესტორებთან მოლაპარაკებებით ხსნიან. 

„ყველა ვადას რაღაც დასასრული უნდა ჰქონდეს. უკვე ორი წლით გახანგრძლივდა ის ვადა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს თანამშრომლობა იმ ინვესტორთან, რომელსაც მისი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სირთულეები აქვს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

რას აპირებდა მთავრობა, თუკი „ანაკლიის კონსორციუმი“ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა – ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინტერვიუ.