G7-ის შემდეგი სამიტი კემპ-დევიდის რეზიდენციაში გაიმართება

0
3

„დიდი შვიდეულის“ შემდეგი სამიტი აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში, „კემპ-დევიდში“ გაიმართება. The Hill-ის ცნობით, ამის შესახებ ლონდონში, კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრისას თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„სამიტი კემპ-დევიდში გაიმართება. რეზიდენცია ვაშინგტონის მახლობლად მდებარეობს და იქ პრესასთან ურთიერთობის კარგი შესაძლებლობა გვექნება. ხალხს ეს ადგილი ძალიან მოსწონს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია „კემპ-დევიდი“ ვაშინგტონიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

ოქტომბერში ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი მაიამიში, მის გოლფის კურორტ Trump National Doral-ზე გაიმართოს, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და აღნიშნა, რომ „მტრულად განწყობილი მედია და მათი დემოკრატი პარტნიორები“ ამას ნეგატიურად შეხვდნენ.

სამიტი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მონაწილეობით, 2020 წლის 10-12 ივნისს ჩატარდება.