ISIS-ის წევრებმა Telegram-იდან ნაკლებად ცნობილ რუსულ მესენჯერ TamTam-ში გადაინაცვლეს

0
8

“ისლამურმა სახელმწიფომ” ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით პირველი პოსტი რუსულ მესენჯერ TamTam-ში გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას Insider-ი ჯიჰადისტური დაჯგუფებების ექსპერტზე პიტერ ვან ოსტაიენზე დაყრდნობით წერს. ექსპერტის თქმით, ტერორისტების განცხადება TamTam-ზე ორი წუთით უფრო ადრე გამოჩნდა, ვიდრე Telegram-ზე

TamTam-ი 2017 წელს Mail.ru Group-მა შექმნა, რომელიც ასევე ფლობს “ВКонтакте”-ს, “Одноклассники”-ს და ICQ-ს. მესენჯერი ცნობილი ერთი წლის შემდეგ გახდა: მისი სარეკლამო კამპანია რუსეთში 2018 წელს, ტელეგრამის დაბლოკვისთანავე დაიწყო. ამასთან, TamTam-ს ტელეგრამის შემცვლელად არეკლამებდნენ. ამ მესენჯერში “ისლამური სახელმწიფოს” გამოჩენის შესახებ ცნობილი ადრეც იყო, თუმცა როგორც გამოცემა The Print-ი აღნიშნავს, ლონდონის თავდასხმა პირველი ტერაქტია, რომელში მონაწილეობის შესახებაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ TamTam-ზე დაწერა. 

ბოლო წლების განმავლობაში ISIS-ის მხარდამჭერებთან კომუნიკაციის მთავარი საშუალება ტელეგრამი იყო. ჯიჰადისტებმა მესენჯერის ფართოდ გამოყენება 2014 წლიდან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისინი აქტიურად დაბლოკეს Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე. ტელეგრამის ადმინისტრაციამაც, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ერთად, არაერთხელ დაბლოკა ISIS-ის ანგარიშები.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი ოპერაცია ლონდონის ტერაქტამდე ერთი კვირით ადრე მოხდა და ის ევროპოლმა მესენჯერთან თანამშრომლობით ჩაატარა. Telegram-მა განაცხადა, რომ 22 და 23 ნოემბერს ტერორისტებთან დაკავშირებული 5 ათასამდე ექაუნთი და ბოტი დაბლოკა. ბელგიის გენერალურმა პროკურატურამ ოპერაციას წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ ISIS-ი “ინტერნეტში აღარ არის”. 

თუმცა პიტერ ვან ოსტაიენი ირწმუნება, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერებმა უბრალოდ სხვაგან, კერძოდ კი TamTam-ზე გადაინაცვლეს. ექსპერტის თქმით, 29 ნოემბრის საღამოს (ლონდონის ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე), ტელეგრამიდან ISIS-ის 50-მდე ჯგუფი გაქრა, რომელშიც მას შეღწეული ჰქონდა. უკვე 30 ნოემბერს, ოსტაიენმა ეს ჯგუფები TamTam-ზე იპოვა. მათ ჯიჰადისტების სხვა სპეციალისტებმაც მიაგნეს, მაგალითად ლონდონის ინსტიტუტის სტრატეგიული დიალოგის მკვლევარმა ამარნატ ამარასინგამმა

ოსტაიენის მოსაზრებით, TamTam-ზე ტერორისტების სწრაფი გადასვლა იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ტელეგრამზე დაბლოკვისთვის მზად იყვნენ. თუმცა რუსული მესენჯერის ადმინისტრაციამაც სწრაფად დაიწყო ტერორისტების წინააღმდეგ ზომების გატარება. ოსტაიენის თქმით, 3 დეკემბრისთვის TamTam-ზე “ისლამური სახელმწიფოს” 50-ივე არხი ხელმისაწვდომი აღარ იყო. ამარასინგამის თქმით, მან TamTam-ზე ISIS-ის 165 ჯგუფში შეაღწია, რომელთაგანაც 3 დეკემბრისთვის 128 დაბლოკილი იყო.

TamTam-ის ადმინისტრაციამ Vice News-ს განუცხადა, რომ პლატფორმაზე ტერორისტული ორგანიზაციების კონტენტის კატეგორიული წინააღმდეგია, და მოუწოდა ყველა მომხმარებელს, რომ მიაწოდონ ადმინისტრაციას ინფორმაცია ტერორისტული არხებისა ან ანგარიშების შესახებ. ამასთან, ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია ISIS-ის რამდენი ექაუნთი ან არხი წაშალა მესენჯერიდან.

ამარნატ ამარასინგამი ფიქრობს, რომ “ისლამური სახელმწიფო” მხარდამჭერების გასაერთიანებლად ახალი პლატფორმების ძიებას დაიწყებს. ტერორისტული დაჯგუფებების სხვა ექსპერტმა, მაიკლ სმითმა კი Vice News-ს უთხრა, რომ შესაძლებელია ტერორისტებმა საკუთარი პლატფორმა შექმნან. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტელეგრამზე ტერორისტების დაბლოკვის გამო ისინი შესაძლოა ისეთ ქსელში ან პლატფორმაზე გადავიდნენ, რომელსაც ხელისუფლებები ვერ გააკონტროლებენ და ყურადღების მიღმა დარჩებათ მათი ქმედებები.