ერთ დროს გავლენიანი თურქმენი შინაგან საქმეთა მინისტრი დამნაშავედ ცნეს

0
10

საქალაქო სასამართლოში გადაიდო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 2 პირის – „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი.

პროცესის გადადება ზურაბ იაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოითხოვა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ობიექტური მიზეზების გამო საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ სასამართლოში წარადგინა კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ფაქტს ადასტურებს. ის იმედოვნებს, რომ საქმე სრული მოცულობით არსებით განხილვაზე გადავა.

პროკურორი ზვიად გუბელაძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის ოჯახს ფარულად უთვალთვალებენ და ამის ამსახველი ჩანაწერები მიიღო. პროკურორის თქმით, ამ საკითხზე გვარამიას განცხადება „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა იყო“.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა და, ამავე დროს, მცდელობა იმისა, რომ მას მძიმე ბრალდებებიდან ყურადღება გადაეტანა სხვა გარემოებებზე“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მისი სიტყვებით, ბრალდებულ ნიკა გვარამიას 1 ნოემბერს ახალი ბრალი წარედგინა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და, ამ სქემის შენიღბვის მიზნით, ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

„სწორედ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან, იმის დასადგენად, თუ რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლობდა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და, მათ შორის, მოსამართლის განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტომობილზე“, – განაცხადა პროკურორმა.

ზვიად გუბელაძის თქმით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო, ვის სარგებლობაში იყო ავტომობილი.

„მას შემდგომ, რაც გამოძიებამ მიიღო მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ბრალდებულ ნიკა გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო ეს ავტომობილი და ისინი სარგებლობდნენ, მაშინვე შეწყდა ვიდეოგადაღება“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

„საქმის სასამართლოში წარმართვამდე რამდენიმე დღით ადრე, დაცვის მხარეს, მათ შორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს, გადაეცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ეს ვიდეოჩანაწერი და იქვე განემარტა, რომ ამ ვიდეოჩანაწერს ბრალდების მხარე იყენებდა, როგორც მტკიცებულებას ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, თუ პროცესი ობიექტურად ჩატარდება, თავად პროკურატურამ უნდა თქვას ბრალზე უარი, იმდენად დაუსაბუთებელია.

„თუ ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებით ვიმსჯელებთ, ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს გვარამიას, დამენიას და იაშვილს, ცალსახად არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობების სისხლისსამართლებრივი შეფასება, რაც თავისთავშივე მცდარია. თუ ამ გზით წავა პროკურატურა ან სასამართლო, ნებისმიერი ის ურთიერთობა, რომელიც შეეხება სახელშეკრულებო საფუძვლებით ორ პირს შორის წამოჭრილ გარკვეულ საფუძვლებს, შეიძლება შეფასდეს კრიმინალური თვალსაზრისით და საქართველოში საერთოდ ჩამოიქცეს სამოქალაქო სამართლოს გაგება. რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებების საკითხს, იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნულმა პირებმა რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც, სესხის თემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. თუ ობიექტური პროცესი ჩატარდება, რეალურად თავად პროკურატურამ უნდა თქვას ბრალზე უარი“, – განაცხადა ბასილაიამ.

გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და ეკრძალება ქვეყნიდან გასვლა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას, ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმეზე სხდომა 13 დეკემბერს ჩატარდება.