საექიმო საქმიანობის სასერტიფიკატო და საკვალიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება

0
15

საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა 40 ლარი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდა 60 ლარი ეღირება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

586-ე დადგენილებასთან დაკავშირებული ცვლილებები რეზიდენტურაში სწავლის მსურველებსა და ექიმის სერტიფიკატის მაძიებლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე კახაბერ შალიკაძემ გააცნეს.

საექიმო საქმიანობის მაძიებლებს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა 586-ე დადგენილების ამოქმედებასა და საგამოცდო თარიღს შორის არსებული მოკლე პერიოდი, ათი დღე. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეთანხმდნენ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ 1599 პირია რეგისტრირებული, ხოლო 501 პირი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა.