დაძაბულობის მიუხედავად ლიდერები „მდგრად ტრანსატლანტიკურ კავშირს“ ადასტურებენ

0
10

ნატოს დაარსებიდან 70-ე იუბილესთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერებმა ორდღიანი სამიტის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც “მდგრად ტრანსატლანტიკურ კავშირს” ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ნატოს სამიტი ლონდონში დაძაბული ვითარების ფონზე წარიმართა. სამსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად თურქეთთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობის პრობლემა მოგვარდა, რომელიც ბალტიის რეგიონში ნატოს განახლებულ თავდაცვის გეგმებს ბლოკავდა. 

ერთობლივ განცხადებაში ნატოს ლიდერები აცხადებენ: “იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ, მომავალში ერთად უნდა ვიყოთ”. განცხადებაში ასევე საუბარია ჩინეთისგან და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე. ლიდერები პირობას დებენ, რომ უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამენ ტერორიზმის წინააღმდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ 29 წევრის ალიანსის მომავალს საფრთხე არ ემუქრება, არსებობს აზრთასხვადასხვაობა თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო; წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო დანახარჯების შესახებ; ასევე ემანუელ მაკრონის მიერ “ნატოს ტვინის სიკვდილთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

აზრთასხვადასხვაობის მიუხედავად, სამიტის მასპინძელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო დაახასიათა როგორც “სოლიდარობის გიგანტური ფარი”, რომელიც “თითქმის მილიარდ ადამიანს იცავს”. 

ნატოს სამიტის მეორე დღეს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ალიანსის იუბილესთან დაკავშირებით ელისაბედ მეორის მიღებაზეა ჩაწერილი. ვიღაცამ ჯასტინ ტრიუდოს, ემანუელ მაკრონისა და ბორის ჯონსონის საუბარი საიუბილეო მიღებაზე ჩაიწერა და ჩანაწერი Canadian Broadcasting Corporation-ს გადასცა. არსებული ინფორმაციით ჩანაწერში, ლიდერები დონალდ ტრამპზე საუბრობდნენ. ამ ვიდეოს გამო ტრამპმა ტრიუდოს “ორსახოვანი” უწოდა. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წელი გავიდა.