ნატო-ს დეკლარაციის მიხედვით, ალიანსისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, უკონტროლო მიგრაცია, ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს

0
4

ნატო-ს დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული 2-დღიანი სამიტი დასრულდა. ალიანის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც განაცხადეს, რომ მიუხედავად დაძაბულობისა ალიანსის კავშირი კვლავ მყარია. მათ ლონდონის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნატო კვლავ რჩება კოლექტიური თავდაცვის მთავარ გარანტად.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, ნატო-სთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, უკონტროლო მიგრაცია, ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალების მზადყოფნა ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ნატო მანამდე დარჩება ბირთვულ ალიანსად, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს. ალიანსი კვლავ ასრულებს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ არსებულ შეთანხმებას და მის ყველა პუნქტს, რომელიც მოიცავს ბირთვულ განიარაღებას, გაუვრცელებლობასა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანად გამოყენებას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამასთან, ლიდერებმა განაცხადეს, რომ ნატო გაფართოებას კვლავ განაგრძობს და ჩრდილოეთ მაკედონია სულ მალე გახდება ალიანსის წევრი. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლისთვის თითოეული წევრი სახელმწიფო თავდაცვის ბიუჯეტს 2%-მდე გაზრდის.