გიორგი ახვლედიანი – არაადეკვატური იქნება იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ ხეირობს და ოპოზიციაში თავის „გაპრავებას“ არ ახერხებს – 1TV

0
7

გიორგი ახვლედიანი – არაადეკვატური იქნება იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ ხეირობს და ოპოზიციაში თავის „გაპრავებას“ არ ახერხებს

ძალიან არაადეკვატური იქნება იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ ხეირობს და ოპოზიციაში თავის „გაპრავებას“ არ ახერხებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ოპოზიცია ყოველთვის ითხოვდა დრაკონული საარჩევნო კანონის ცვლილებას და დღეს, უცებ, აღმოჩნდა, რომ ამ სისტემის შემქმნელი „ნაციონალური მოძრაობაც“ იძახის, მეც მინდა, ეს სისტემა პროპორციულით შეიცვალოსო. მიუხედავად იმისა, მას ყველანაირად აწყობს, შერეული მაჟორიტარული სისტემა იყოს, ბლოკებით. მისი სურვილი ეს არის. ტყუილია ხუნდაძის ის განცხადება, რომ თურმე, პროპორციული სისტემით ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოდიოდა, ამით კი არ მოვა. ჯერ ერთი, ვერც იმით მოდიოდა, მაგრამ ამ სისტემით, რაც დღეს დარჩა, პარლამენტში ორ პარტიას მივიღებთ. ჩვენი ბრალი არ არის ის, იძულებული რომ ვართ, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები მოვისმინოთ, რომ ისინიც იმას ითხოვენ, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ. ეს „ქართული ოცნების“ ბრალია“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამ განცხადებით გიორგი ახვლედიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ნიშნავს თუ არა ოპოზიციური პარტიების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ყოფნა ამ ძალის ლეგიტიმაციას, რადგან როგორც ოპოზიციური პარტიები მუდმივად აცხადებდნენ, მას ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხი არ უგია და იყო თუ არა იმის რესურსი, ოპოზიციას ცალკე პოლუსი შეექმნა, რომელიც თავის დღის წესრიგს შემოიტანდა და არ გაჰყვებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს.

მისი თქმით, შექმნილი რეალობა პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ბრალია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ გადაერჩინა, როგორც ყველაზე კომფორტული ოპოზიციური ძალა.

„მეტაფორულად რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, რეანიმაციიდან გამოიყვანა, ფეხზე დააყენა, ჩააცვა, დაახურა და პარლამენტში დაისვა. ეს პირველ რიგში, მათი დანაშაულია“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.