სალომე სამადაშვილი – ვფიქრობ, Human Rights Watch-ის ანგარიში უზარმაზარი შავი ლაქაა ივანიშვილის ხელისუფლებაზე

0
4

„Human Rights Watch-ის ანგარიშს კითხულობს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს, გაერკვეს, ქვეყანაში რა ვითარებაა ადამიანის უფლებების კუთხით და ვფიქრობ, ეს ანგარიში უზარმაზარი შავი ლაქაა ივანიშვილის ხელისუფლებაზე“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მან Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებათა 2020 წლის ანგარიში შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანია Human Rights Watch-ის ანგარიში, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომლის ანგარიშსაც კითხულობს პირველ რიგში ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს, გაერკვეს, ქვეყანაში რა ვითარებაა ადამიანის უფლებების კუთხით და ვფიქრობ, ეს ანგარიში უზარმაზარი შავი ლაქაა ივანიშვილის ხელისუფლებაზე, რადგან ძალიან დეტალურად არის საუბარი იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი თავისუფალი მედიის თვალსაზრისით, ნიკა გვარამიას საქმეზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ ანგარიშში, როგორც თავდასხმაზე თავისუფალ მედიაზე. მნიშვნელოვანია, რომ ასევე აღნიშნავენ სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ამ გადაწყვეტილებამ რეალურად, ნეგატიური ეფექტი იქონია ქვეყანაში მედია გარემოზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მანვე ასევე ისაუბრა ანგარიშში იმ მონაკვეთის შესახებ, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს ეხება.

„რაც შეეხება 20 ივნისს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება კვლავ იყენებს ამ მოვლენას პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და მათი სამართლებრივი დევნისთვის, პირდაპირ არის ანგარიშში საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ხელისუფლების რეაგირება, მათ შორის გამოძიების წარმართვა იყო სრულიად არაადეკვატური. მე არ მიკვირს, რომ ამ ორგანიზაციის ასეთი მძიმე შეფასებებია, რადგან ნიუ-იორკშიც გვქონდა შეხვედრა მათ წარმომადგენელთან და ისინი საკმაოდ მძიმედ აფასებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა და საუბარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.