ელისაბედ რუდი დე ფაქტო ხელისუფლებას გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს |

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები და ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება მისცეს. ამის შესახებ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება,“ – განაცხადა რუდმა.

უკვე რამდენიმე თვეა, ცხინვალის რეგიონში გადასასვლელი ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტილია, გარდა საჩხერეში, სოფელ პერევთან არსებული პუნქტისა. თუმცა, მოუხერხებელი მდებარეობისა და შორი მანძილის გამო, ამ პუნქტით ახალგორის მოსახლეობა, ძირითადად, ვერ სარგებლობს. გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ ახალგორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარება წარმოშვა.

You may have missed