ირაკლი ბერაია – საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, გაზარდონ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა

კიდევ ერთხელ შევახსენებთ რუსეთს, რომ უნდა შეასრულოს ვალდებულებები და საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იმართება.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე დააყენებენ საკითხს, რომ რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეს.

„რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. იმ ვალდებულებებს, რაც მას საერთაშორისო სამართლით აკისრია. შესაბამისად, ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხს დღის წესრიგში დაყენების მიზნით. ევროსაბჭოს ასამბლეის საპარლამენტო ტრიბუნიდან ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“,-აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა პლენარულ სესიაზე, სადაც დავით ზალკალიანი ყურადღებას გაამახვილებს იმ პრიორიტეტებზე, რაც თავმჯდომარეობის პერიოდში განისაზღვრა საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის მიერ.

„ის ისაუბრებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის წარადგენს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშს და რასაკვირველია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ეს ღონისძიება მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად საკითხების აქტუალიზაციისთვის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ასევე პრინციპულად და მკაფიოდ განვაცხადოთ პრიორიტეტები, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს“,-აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ყოველ წელს, ზამთრის სესიის გახსნისას ხდება ევროპის საბჭოს დელეგაციების უფლებამოსილების ცნობა. რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ბოლოს დაუბრუნდა.

You may have missed