კახა კალაძე ოპოზიციაზე – შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა წელს საარჩევნო წელია და დარწმუნებული ვარ, ასეთი პროვოკაციები მათი მხრიდან დაგეგმილი იქნება

“ყველას მინდა მოვუწოდო – “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ პროვოკაციებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განუცხადა.

დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, რომ მისი ცემა კალაძის ინიციატივაა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის სტილია ტყუილსა და სიცრუეზე ლაპარაკი.

„ლევან ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ბინძური განცხადებები. ეს მისი სტილია და ეს ადამიანი არის ზუსტად იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუესა და ტყუილზე, ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა. ზოგადად ცემის ფაქტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია და ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა, თუმცა ასევე ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ვისმენთ ამდენი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებებს. ეს ყველანაირ პოლიტიკას სცდება. შეგვიძლია შევიდეთ პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, ვართ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ცხადია, ყველას ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, მათ შორის ფიზიკური ძალადობაც. დებატები ნორმალურია- ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა არის კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა წელს საარჩევნო წელია და დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება ასეთი პროვოკაციები მათი მხრიდან დაგეგმილი“,- აღნიშნა კალაძემ.

You may have missed