ადვოკატი – მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება, კითხვის ნიშნის გარეშე ნიკა მელიას მოეხსნება უკანონო შემზღუდავი ღონისძიებები

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება, კითხვის ნიშნის გარეშე ნიკა მელიას მოეხსნება უკანონო შემზღუდავი ღონისძიებები, რაც მის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

კონდახიშვილმა მოწმე სოსო ბაჯელიძის დაკითხვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც ადვოკატი განმარტავს, სანამ დღეს დაკითხულმა მოწმემ ნიკა მელიას წინააღმდეგ ე.წ. მამხილებელი ჩვენება არ მისცა, ციხიდან არ გამოუშვეს.

„დღეს სასამართლომ აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და არ გაიზიარა პროკურატურის მცდელობა პროცესუალური ფაქტორიდან გამომდინარე აეცილებინათ და საქმიდან ამოღებულიყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და მტკიცებულებად დაერთო საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება, აპრიორში, კითხვის ნიშნის გარეშე ნიკა მელიას მოეხსნება ის უკანონო შემზღუდავი ღონისძიებები, რაც მის გამოხატვის თავისუფლებას, ასევე სხვა უფლებებს უზღუდავს.

სასამართლოში მოწმე მოვიდა, რომელსაც ბრალი ედება, რომ ნიკა მელიას ორგანიზებით ის ორგანიზებული დანაშაულებრივი ძალადობის მონაწილე იყო. ამ ადამიანმა განაცხადა, რომ დანაშაულს აღიარებდა, თუმცა, ისიც არ იცოდა რას აღიარებდა და პირდაპირ დააფიქსირა, რომ ნიკა მელიას სიტყვებს მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც მის მოწოდებას. ასევე ნიშანდობლივია, ეს ადამიანი 17 ივლისს დააკავეს და სანამ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიებამ აბსურდული ე.წ. მამხილებელი ჩვენება არ მიიღო, ციხიდან არ გამოუშვეს. ვინმეს კითხვის ნიშანი არ აქვს მოხდა თუ არა ამ პირზე ზეწოლა? ვინმეს კითხვის ნიშანი არ აქვს რამდენად სამართლიანი იყო მისი ან დაჭერა, ან გაშვება? პირები დაიჭირეს, თვეების განმავლობაში ციხეში ჰყავდათ და მხოლოდ ისინი გაუშვეს, ვინც ნიკა მელიაზე მამხილებელი ჩვენება მისცა.

საზოგადოებას ვპირდები, რომ ამ საქმეზე მივაღწევთ იმას, რომ ნიკა მელიას ის უკანონო შემზღუდავი ღონისძიებები მოეხსენება, რომლითაც ის უკანონო მდგომარეობაშია, ეზღუდება როგორც გამოხატვის, ასევე გადაადგილების თავისუფლება. საბოლოო ჯამში გაცამტვერდება ის ბრალდება, რაც გულისხმობს თითქოს, ნიკა მელია იყო ძალადობის ორგანიზატორი და სახელმწიფოს გადამტრიალებელი“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

You may have missed