დავით ბაქრაძე – ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ევროსაბჭოში მუდმივად იდგეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ევროსაბჭოში მუდმივად იდგეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროსაბჭოს ზამთრის სესია იმართება.

მისი თქმით, ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის მანდატის გაპროტესტება საქართველოსა და მისი მეგობარი ქვეყნების შეთანხმებული ნაბიჯი იყო.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, პარტნიორებთან თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ევროსაბჭომ საქართველოს განვითარების მონიტორინგი განაგრძოს.

„დღეს ჩვენ გამოვიყენეთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ გაგვეპროტესტებინა რუსეთის დელეგაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. პროცედურა ითვალისწინებს, რომ ყოველი წლის დასაწყისში შედგეს უფლებამოსილების ცნობა და ჩვენ გამოვიყენეთ ეს იმისთვის, რომ ჩვენ მეგობრებთან ერთად და უნდა გითხრათ, რომ ეს იყო კოორდინირებული პროცესი, სადაც საქართველოს, უკრაინის, ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის დელეგაციები წინასწარ შვთანხმდით, თუ რა ფორმით მოხდებოდა გაპროტესტება და ჩვენ გამოვიყენეთ ყველა პროცედურული შესაძლებლობა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაგვეპროტესტებინა რუსეთის დაბრუნება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას და არ ასრულებს არცერთ დაკისრებულ ვალდებულებას, რომელიც მას აქვს ამ ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს სესია გამოვიყენოთ ორი მთავარი მიმართულებით. პირველი – ეს იქნება საქართველოს დეოკუპაციისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლა და მათ შორის სწორედ ამ პროცესის ნაწილი იყო რუსეთის დელეგაციის დაბრუნების გაპროტესტება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სხვა შესაძლებლობასაც, რომ ამ ორგანიზაციაში მუდმივად იდგეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მეორე მიმართულება უკავშირდება საქართველოს შიდა დემოკრატიის პრობლემებს. არსებობს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები ამ ორგანიზაციაში, ევროსაბჭოს მომხსენებლებს საქართველოზე ჰქონდათ ძალიან კრიტიკული განცხადებები უკანასკნელ პერიოდში პროპორციულ არჩევნეზე არგადასვლასთან და მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამიტომ, აქაც, ბუნებრივია, ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ევროსაბჭომ გააგრძელოს საქართველოს განვითარების მონიტორინგი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყოს ერთერთი ის საგარეო ფაქტორი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას მიიღოს ნორმალური გადაწყვეტილებები საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საბჭოში რუსეთის დელეგაციის მანდატი გაასაჩივრეს. საკითხი ლიტველმა დეპუტატმა ემანიელის ზინგერისმა წამოაყენა, რომელსაც მხარი სულ მცირე 30 დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც.

You may have missed