დავით ზალკალიანი – არსებითი მნიშვნელობისაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

არსებითი მნიშვნელობისაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს ჰქონდეს წვდომა კონფლიქტის ზონებში, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა უზრუნველყოფილია,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აგრძელებს ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს.

„საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს აგრძელებს. უფრო კონკრეტულად, გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული ანგარიშის შედეგად, მიწოდებული ღირებული ინფორმაციის საშუალებით. გასულ ნოემბერში კომიტეტში გაიმართა დებატები გენერალური მდივნის უკანასკნელი ანგარიშის საფუძველზე. დებატების დროს დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის მიმართ, თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არსებითი მნიშვნელობისაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს ჰქონდეს წვდომა კონფლიქტის ზონებში. რათა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა უზრუნველყოფილია“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

You may have missed