დავით უსუფაშვილი – ჩვენ ვკარგავთ ავტორიტეტს და იმ ქვეყნებში, ვისი მხარდაჭერითაც გზა უნდა გავიაროთ, წერილების გამოგზავნა აუცილებლად გაგრძელდება

0
13

საქართველოში ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად აქვს მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ, ანუ პოლიტიკურ-მაზოხისტური მიდრეკილება ყველაზე მეტად შეიმჩნევა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გარდუსი“ განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას არ ახსენდება საქართველოში სხვა ხელისუფალი და ხელისუფლება, ვინც ასეთი დამაზიანებელი აქტი ჩაიდინა.

„საქართველოში ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად აქვს მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ, ანუ პოლიტიკურ-მაზოხისტური მიდრეკილება ყველაზე მეტად შეიმჩნევა. მე ასეთი არ მაგონდება საქართველოში სხვა ხელისუფალი და ხელისუფლება. ვინ ჩაიდენდა ისეთ თვითდამაზიანებელ აქტს, როგორიც იყო პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, მერე პროცესი და შემდეგ ამის უკან წაღება. ამიტომ ამ საქმეში და პროცესში რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. არის დაბალი კვალიფიკაცია, წაკითხულის შინაარსის გამოტანა უჭირს ძალიან ბევრს – დიპლომატიური მიმოწერა, ან შეხვედრაზე ნათქვამი სიტყვა, ეს რეალურად რას ნიშნავს, ამას კვალიფიკაცია სჭირდება. გადავხედოთ, რა ხდება „ქართული ოცნების“ საგარეო ფრონტზე. ვერც იგებენ და ვერც აგებინებენ. რის გაგებინებასაც ცდილობენ – კონგრესმენებო, თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი, არასამთავრობო ორგანიზაციები – Human Rights Watch-ებო და Amnesty International-ებო ქართველი NGO-ები გატყუებენ. IRI და NDI არის ოპოზიციის მხარდამჭერი და ატყუებს ამერიკელებს და აქ ჩვენ, რადგან არასწორად იკვლევენ საზოგადოებრივი აზრის მოძრაობას საქართველოში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკული წერილები საქართველოს მთავრობის სახელზე კიდევ გამოიგზავნება.

„როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ მთაში იცის, რომ თუ დაგორდა ორი კენჭი მთის წვერიდან, მერე ამას მოყვება გარკვეული პროცესები და ხევის ძირში ბევრი ქვა დაეცემა. ეს არის მრავალჯერ ნანახი, ამიტომ გამოცდილებად ქცეული. ვიცით, რომ ორ გადაგორებულ ქვას მოჰყვება შვიდი. დღევანდელი ვითარებით, ის, რაც უკვე ვიხილეთ არის აგორებული ზვავი, რომელიც მხოლოდ გაძლიერდება და ვერ შესუსტდება ორი რამის გამო. პირველი – საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა, არ აქვს და ვერ ექნება სათანადო პასუხი დაარწმუნოს ის ადამიანები, ვინც ეს წერილები დაწერა, რომ შეცვლის ის კურსს. კურსის ცვლილებას არ აპირებენ, ამბობენ, რომ განგიმარტავთ საქმე რაშიაო. რასაც აკეთებენ, რაც კარგად აუხსნიან ამას, ხალხის კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე მიზეზი – „ოცნების“ მხარდამჭერები მიგვითითებენ, რომ იქ ასობით სხვა კონგრესმენია და წერილი 4-მა დაწერაო, მეორე კიდევ ორი მიემატა, მერე ერთი და ამით ის მოხდა, რომ კონგრესმენები ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს, არცერთი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირს არ წერენ ოფიციალურ წერილს და საჯაროდ არ აკრიტიკებენ, თუ ეს სულისკვეთება და განწყობა წინასწარ არ არის გადამოწმებული სხვა უწყებებში, ეს იქნება თეთრი სახლი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო მდივანი. ანუ ეს წერილები არის იმ აისბერგის წვერო, რომელიც საჯაროდ გამოჩნდა. აისბერგის არსებობა, უზარმაზარი კრიტიკის და შეშფოთების არსებობას მე პირადად დიდი ხანია ვხედავ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას. ჩვენ ვკარგავთ ავტორიტეტს და პრესტიჟს იმ დედაქალაქებში და ქვეყნებში, ვისი მხარდაჭერითაც გზა უნდა გავიაროთ. ამიტომ წერილების გამოგზავნა აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.