„რადიო თავისუფლება“ – საფრანგეთი წინააღმდეგია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების

0
21

საფრანგეთი წინააღმდეგია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივამ ხელი შეუწყოს ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც პარიზმა ევროპული კომისიის მიერ ინიცირებული კონსულტაციის ფარგლებში განსახილველად წარმოადგინა და 2019 წლის ოქტომბრითა და 2020 წლის იანვრით თარიღდება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს ეხება.

საფრანგეთის ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია: „ჩვენი პასუხისმგებლობის სულისკვეთებამ კოლექტიურად უნდა დაგვიცვას ილუზიების სტიმულირებისგან, ან ორაზროვნებისგან ჩვენ პარტნიორებს შორის პარტნიორობის მიზნებთან დაკავშირებით“.

საფრანგეთი აცხადებს, რომ პარტნიორობა ეფუძნება ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას და გამორიცხავს ევროკავშირში ინტეგრაციის, ან წევრობის ყველა პერსპექტივასა და მექანიზმს.

„მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობის მდგრადობა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის მოდერნიზების კუთხით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, 6 ქვეყანა ერთიანდება – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელორუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი.