ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხელი ახალგაზრდები თელავს ესტუმრნენ

0
35

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხელი ახალგაზრდები თელავში იმყოფებოდნენ. ვიზიტი პროექტის drive democracy – რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის ფარგლებში დაიგეგმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ბავშვთა უფლებების შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლების ეთერ შიუკაშვილისა და ნათია ფიცხელაურის მოხსენება მოისმინეს. ახალგაზრდებს გაესაუბრა ორგანიზაცია WORLD VISION-ის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნანა ათუაშვილი, რომელმაც საკუთარ პრეზენტაციაში ყურადღება ახალგაზრდულ პოლიტიკასა და მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

თელავის მუნიციპალიტეტის ცნობით, შემაჯამებელი მოხსენებით სკოლის მოსწავლეებს თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა და ორგანიზაცია Eecmd-ის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ მიმართა. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილს და მის მოადგილეს, პლატონ კალმახელიძეს შეხვდნენ.

„სხვადასხვა თემაზე გაკეთებული მოხსენების შემდეგ, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, ღონისძიების მონაწილეებმა ერეკლეს მუზეუმი და თელავის ტექნო პარკი მოინახულეს.

ლაგოდეხელი ახალგაზრდების თელავში ვიზიტი Eecmd თელავის ოფისისა და პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ერთობლივი ორგანიზებით დაიგეგმა და კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.