მედია: WhatsApp-ის პრივატული ჯგუფები ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ამ ჯგუფებში გაწევრიანებული არ არის

0
21

WhatsApp-ის პრივატული ჯგუფები იოლად ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ამ ჯგუფებში არ არის გაწევრიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი ჟურნალისტის გამოკვლევაზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

WhatsApp-ში, ჯგუფში ბმულის მეშვეობით მოწვევის ფუნქცია ნიშნავს, რომ პირებს საშუალება ეძლევათ სხვებს გაუზიარონ წვდომა თავიანთ პრივატულ ჯგუფებზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ფუნქცია Google-ის საძიებო სისტემის მიერ ინდექსირებულია.

WhatsApp-ის ათასობით ჯგუფის, მათ შორის პრივატულის, ნახვა და მათში გაწევრიანება შესაძლებელია ინტერნეტში ძებნის შემდეგ. აღნიშნული პროგრამული შეცდომა გამოცემის ჟურნალისტმა ჯორდან უილდონმა აღმოაჩინა.

„WhatsApp-ის თქვენი ჯგუფები შესაძლოა არც ისე დაცულია, როგორც თქვენ ეს გგონიათ“, – წერს ჟურნალისტი.

Facebook-ს, რომელსაც WhatsApp ეკუთვნის შესაძლოა სცოდნოდა ამ პრობლემის შესახებ სულ მცირე 2019 წლის ნოემბრიდან, როდესაც მათ ერთ-ერთ მომხმარებელს ამ პრობლემასთან დაკავშირებით უპასუხეს.

პასუხში აღნიშნული იყო, რომ კომპანია გაოცებული იყო იმით, რომ ბმულები Google-ის მიერ იყო ინდექსირებული და რომ კომპანიას არ შეუძლია სრულად აკონტროლოს თუ რას აინდექსირებენ საძიებო სისტემები.