ადვოკატი – სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ზაზა სარალიძისთვის ძალიან ემოციური იყო, საუბარი უჭირდა – გარკვეული პერიოდი ის ეცდება, რომ მედიასთან კომენტარები არ გააკეთოს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისთვის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან ემოციური იყო.

როგორც ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზაზა სარალიძემ გადაწყვიტა, რომ გარკვეული პერიოდი მედიასთან კომენტარი არ გააკეთოს, რის გამოც მან დღეს დუმილი არჩია.

„ძალიან რთულია ეს ბოლო პერიოდი მაშინ, როდესაც მის მიმართ ამდენ ცილისმწამებლურ განცხადებას ისმენს. ალბათ ძალიან ცოტამ თუ ვიცით, როგორი ემოციით უყურებს ის ყველაფერ ამას იმიტომ, რომ მას ჰყავს შვილი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს. დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის ძალიან ემოციური იყო, საუბარი უჭირდა და სწორედ ამიტომ ის გარკვეული პერიოდი ეცდება, რომ მედიასთან კომენტარები არ გააკეთოს. არ მოგვეცა საშუალება, რომ მასთან გვესაუბრა. დარბაზში კი ვიყავით, მაგრამ ის ამ თემაზე ვერ საუბრობდა”, – განაცხადა ლონდარიძემ.

მისი თქმით, მიხეილ კალანდიას ოჯახს უფლება აქვს, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„მათ აუცილებლად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ ეს საქმე, გაასაჩივრონ. კანონი აძლევთ მათ ამის საშუალებას. ამაში რა თქმა უნდა, ხელს არა და ვერ შევუშლით, არც ამის სურვილი გვაქვს. შეუძლიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და ყველა ის ინსტანცია გამოიყენონ, სადაც შეუძლიათ”, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/586947-advokati-sasamartlos-dgevandeli-gadacqvetileba-zaza-saralizistvis-zalian-emociuri-iqo-saubari-uchirda-garkveuli-periodi-is-ecdeba-rom-mediastan-komentarebi-ar-gaaketos/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed