სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები გამკაცრდა – სამინისტრო |

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციების ამკაცრებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

ის წესები, რაც მანამდე მხოლოდ რეკომენდაციების სახით არსებობდა, ახლა სავალდებულოდ შესასრულებელი ხდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გამკაცრებული წესების შესახებ ინფორმაცია უკვე გაეგზავნათ ყველა საჯარო და კერძო სკოლას, რათა დადგენილი წესები ზედმიწევნით შესრულდეს.

“ახალი მიდგომით, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი შესაძლოა იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი.

ექსკურსიის ხელმძღვანელს  სრულყოფილად  უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.  აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება. ბავშვების კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე. აღნიშნული წესის დარღვევისას გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა,”-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც სკოლის ექსკურსიები დარეგულირდა ვრცლად შეგიძლიათ აქ ნახოთ.

ამავე თემაზე

ექსკურსიები რეგულირების მიღმა – ვინ უნდა დაიცვას მოსწავლეთა უსაფრთხოება

You may have missed