ჰაბლის ტელესკოპმა სატურნს ახალი პორტრეტი გადაუღო

0
13

მაშინ, როდესაც გასულ ზაფხულს, 20 ივნისს სატურნი დედამიწას უახლოეს მანძილზე მოუახლოვდა, ჰაბლის ტელესკოპმა დრო იხელთა და ახალი, შთამბეჭდავი პორტრეტი გადაიღო.

მზიდან მეექვსე პლანეტა იმ მომენტში დედამიწიდან 1 359 999 999 კილომეტრით იყო დაშორებული და მისი ულამაზესი რგოლები, კიდევ უფრო მკაფიოდ და ლამაზად ჩანდა — სატურნის მსგავსი ხედით დანახვა და დაკვირვება ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლო, თუ მას კოსმოსური ხომალდი თავად მიუახლოვდებოდა.

მაგალითად ექვსკუთხა ფორმის ლაქა სატურნიზე პირველად ვოიაჯერ 1-მა, 1981 წელს აღმოაჩინა. პლანეტის იგივე მონაკვეთი კარგად ჩანს ჰაბლის უახლეს ფოტოშიც.

ფოტო: universetoday

სამხრეთ პოლუსზე არსებული მისტიური ექვსკუთხედი, რომლის ფორმაც პლანეტის სწრაფი დინებითა არის გამოწვეული, იმაზე გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ის ოთხ დედამიწას თავისუფლად დაიტევს.

თუმცა, არსებობს სატურნის ვიზუალური მახასიათებლები, რომლებიც მეცნიერებმა ადრე შენიშნეს, ახლა კი აღარსადაა — მაგალითად, გასულ წელს ჰაბლის მიერ დაფიქსირებული ჩრდილოეთ პოლუსის დიდი ქარიშხალი, რომელიც უბრალოდ გაქრა.

სამაგიეროდ, ე.წ. “სუპერ ჭექა-ქუხილი”, როგორც მას ასტრონომებმა უწოდეს, ახლაც სატურნის ცენტრშია.

საქმე ის არის, რომ დედამიწის მსგავსად, სატურნსაც აქვს თავისი სეზონები. ჰაბლის ტელესკოპი კი ბოლოს მას ზაფხულში აკვირდებოდა. პლანეტის მუქი ქარვისფერი ფერი წელიწადის ამ დროს, სწორედ, მის ატმოსფეროში მზის ულტრაიისფერი სხივების რეაქციით აიხსნება. თუმცა, ჩვენი პლანეტისგან განსხვავებით, სატურნზე სეზონები გაცილებით დიდხანს, მაგალითად 7 წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ ნასას მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ სატურნის რგოლები ქრება, თან ძალიან სწრაფად.