ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home სოციალური მედია 50 წლის წინ იძულებით დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა და გაშვილებული ქალიშვილი დაიბრუნა...

50 წლის წინ იძულებით დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა და გაშვილებული ქალიშვილი დაიბრუნა – Primetime.Ge

ეს ამაღელვებელი ისტორია სათავეს 1958 წელს აშშ-ში, მინესოტას შტატში იღებს. 15 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებს დენის ვინარს და კარენ ლეჰმანს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად კარენი დაორსულდა. არასრულწლოვან წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ფიქრობდნენ, ცხოვრება ერთმანეთისთვის სამუდამოდ დაეკავშირებინათ, თუმცა საზოგადოებისა და ოჯახის წევრების ზეწოლით ისინი დაშორდნენ, ახალშობილი კი სამშობიაროდან გააშვილეს. ყველა ფიქრობდა, რომ თინეიჯერი წყვილი ოჯახური სირთულეებისთვის მზად არ იყო.დენისი მაშინ ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი იყო და ოჯახს სურდა სპორტს აქტიურად გაჰყოლოდა.

„სინამდვილეში ფეხბურთზე ყოველთვის ვაგვიანებდი, რადგან კარენს ვხდებოდი. ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნდა“, – იხსენებს წლების შემდეგ დენის ვინარი.

ფაქტს მკვეთრად უარყოფითად შეხვდა გოგონას ოჯახიც, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა ახალშობილის გაშვილება და შეყვარებული წყვილის დაშორება. თავად იხსენებენ, რომ იმ დროს საზოგადოებრივი აზრი ბევრ რამეზე ახდენდა გავლენას, ხალხი კი ასეთი ურთიერთობების მიმართ ტოლერანტული არ გახლდათ.

ჩვილი სამშობიაროდან წაიყვანეს და წლების განმავლობაში მის შესახებ არაფერი იცოდნენ, ცხადია, არც ადგილსამყოფელი.

რამდენიმე ხნის შემდეგ დენისი ჯარში გაიწვიეს, კარენმა კი კოლეჯში განაგრძო სწავლა. მათ შორის მანძილი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ასე აღმოჩნდნენ ისინი გარემოებების მსხვერპლნი – მიტოვებული შვილით და განადგურებული სიყვარულით.

წყვილი ცდილობდა ურთიერთობის გადარჩენას – დენისი კარენს წერილებს უგზავნიდა, თუმცა ადრესატამდე არცერთს არ მიუღწევია. წერილები კარენის მამამ გაანადგურა და დარწმუნდა, რომ ის მის ქალიშვილამდე არასდროს მივიდოდა.

საბოლოოდ, ორივე მათგანი იძულებული გახდა ცხოვრება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ. მათი პირველი სასიყვარულო თავგადასავალი კი მთელი 50 წლის განმავლობაში ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა.

წლები გადიოდა… ტექნელოგიები ვითარდებოდა… დაიწყო ინტერნეტის ეპოქა და აი, სწორედ ამას უნდა უმადლოდეს წყვილი, რომ მათ 50 წლის შემდეგ ერთმანეთის პოვნის შანსი მიეცათ.

ერთ დღეს დენისს მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში დარეგისტრირება ურჩია იმ იმედით, რომ შესაძლოა სადმე მისი პირველი სიყვარული ეპოვნა. მან მეგობრის რჩევა გაითვალისწინა. LinkedIn-ის საძიებო ველში ჩაწერა „კარენ ლეჰმანი“ და დაელოდა, რა გამოვიდოდა ამ ყველაფრისგან.

„ეს ჩემი ქალბატონია“ – ხმამაღლა წამოიძახა დენისმა, როდესაც „კარენ ლეჰმანის“ სახელით მოძიებული სამი პიროვნებიდან ერთ-ერთზე მისი მეგობარი გოგონა ამოიცნო. მას ერთი წუთითაც არ შეუტანია ეჭვი, რომ ის შეიძლება ვინმე სხვა ყოფილიყო, რადგან მისივე თქმით, ფოტოზე კარენი ახლაც ისევე გამოიყურებოდა, როგორც 50 წლის წინ.

დენისმა დრო არ დაკარგა და იმავე დღეს კარენს დაუკავშირდა. მათ დაიწყეს ამაღალვებელი საუბრები იმაზე, თუ როგორი იყო მთელი ეს წლები მათი ცხოვრება.

„ისინი თვეების განმავლობაში ტელეფონით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მანამ, სანამ ორივე დარწმუნდა, რომ მათ გულებში ბავშვობის დროინდელი სიყვარულის ცეცხლი კვლავაც ძველებურად გიზგიზებდა“, – წერს hashtagchatter.

უკვე აღარ არსებობდა მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. მათ მოაწყვეს ეს შეხვედრა და შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასვლას წინ არაფერი უდგას.  50 წლის შემდეგ მათ მთავარი ოცნება აიხდინეს და ერთმანეთზე იქორწინეს.

და სად არის ჩვენი გოგონა? – ახლადშეუღლებულ წყვილს ყველაზე მეტად ეს კითხვა აწუხებდა. იყო აზრთა სხვადასხვაობა – ღირდა თუ არა მოეძებნათ ის? იქნებ არ სურდა ბიოლოგიური მშობლების ნახვა? როგორ შეხვდებოდა მათ? საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კითხვებზე პასუხები ორივეს სჭირდებოდა.

წყვილმა 50 წლის წინ გაშვილებული ქალიშვილის მოსაძებნად სპეციალური სააგენტო დაიქირავა. გაარკვიეს, რომ მას ჟან ვოქსლენდი ქვია.

„დიახ, მე მსურს ჩემი მშობლების ნახვა“ – უთხრა 50 წლის ჟანმა სააგენტოს წარმომადგენლებს, როდესაც შეატყობინეს, რომ მას ბიოლოგიური მშობლები ეძებდნენ. „გული ამიჩქარდა, თვალები ცრემლებით ამევსო. ვფიქრობდი, რომ აქ, მე მგავს ვიღაც. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისინი მე მეკუთვნოდნენ“, – ასე აღწერს ჟან ვოქსლენდი მშობლებთან პირველ შეხვედრას.

ეს იყო დიდი ემოციებით სავსე შეხვედრა, რომელმაც 50 წლის წინ იძულებით დაშლილი ოჯახი საბოლოოდ გააერთიანა.

Primetime.Gehttp://primetime.ge
უახლესი, გადამოწმებული, მულტიმედიური, ექსკლუზიური, საინტერესო, სკანდალური - ეს სააგენტო ,,პრაიმტაიმია“.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები