„რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან“ – ნიკა გვარამიამ გუშინდელი განცხადება არ გადათქვა – Primetime.Ge

0
12

ამ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს და საერთოდ აღარანაირი ხელისუფლების შტო,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ყველა შტო ისეთივე უფუნქციოა, როგორც სასამართლო.

„ამ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს და საერთოდ აღარანაირი ხელისუფლების შტო. გუშინდელი სტატუსიც, სწორედ იმიტომ დავწერე, რომ ხელსუფლების ყველა შტო ისეთია როგორიცაა სასამართლო – უფუნქციო. ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას. ეს ადამიანი ივანიშვილი ხელისუფლების უზურპატორია. ის ერთადერთია, რომელიც ყველა ხელისუფლებას წარმოადგენს. მოსამართლეც, რომელიც რიგით საქმეს იხილავს, ისიც ბიძინა ივანიშვილია. რიგითი პროკურორიც და პარლამენტის რიგითი წევრიც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ ასეთი ხალხი, რომელიც ხელისუფლებიდან არ მიდის თავისი ნებით, აუქმებს არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას და აყალბებს, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან“,- განაცხადა გვარამიამ.

რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის და „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიწყება. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება. აღკვეთის ღონისძიების სახით კი, 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, ბრალი კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში ედება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.